ესტონეთში ქართველთა სათვისტომოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით 26 მაისს ტალინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-1924 წლებით დათარიღებული წერილობითი და ფოტოდოკუმენტები, რომლებიც ასახავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესს, მისი მთავრობის მოღვაწეობას, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
გამოფენილ მასალებს შორის იქნება: საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონები, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი და მისი აღწერილობა, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი კრების ოქმი, კანონი „საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციის შესახებ“ და სხვა საინტერესო დოკუმენტები.
ფოტოებზე ასახულია დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ზეიმზე სტუმრად მყოფი II ინტერნაციონალის დელეგაცია თბილისში, დამფუძნებელი კრების სხდომა, სახალხო გვარდიელთა ჯგუფი და სხვ., საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 1989-2010 წლებში. თანამედროვე პერიოდის ფოტოები საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოარქივშია დაცული.
წყარო: www.archives.gov.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий